საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს უნიკალურ ფორუმს სამხრეთ კავკასიაში, სადაც განიხილება ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხები მაღალი რანგის თანამდებობების პირების, ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლების მიერ. კონფერენციის მიზანია საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას საფუძველი 2005 წელს ჩაეყარა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს  (CCDS) ინიციატივით, პირველი კონფერენცია გუდაურში 2005 წელს ჩატარდა. საქართველოს თავდაცვის კონფერენციაში (GDC) მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ნატოს ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა, ასევე უცხოელმა ექსპერტებმა.  თავდაპირველად კონფერენცია ორიენტირებული იყო მხოლოდ თავდაცვის საკითხებზე და თავი დაიმკვიდრა ,,საქართველოს თავდაცვის კონფერენციის“ სახელწოდებით. 

მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის კონფერენციის ჩატარება ტრადიციად იქცა და ყოველწლიური ხარიათი მიიღო. საქართველოს მთავრობისა და პარტნიორი ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერით  ღონისძიება უფრო წარმომადგენლობითი და მასშტაბური ხასიათის გახდა, ხოლო 2012 წლიდან ,,საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის სახელწოდებით დამკვიდრდა. აღნიშნული ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელებსა და ექსპერტებს, უსაფრთხოების სფეროში არსებული ტენდენციების, გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზების განსახილველად როგორც რეგიონული, ასევე საერთაშორისო კუთხით.

2016 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რიგით მეათე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას უმასპინძლებს. 

კონფერენციის მიზანია, განიხილოს მსოფლიო უსაფრთხოების არსებული გამოწვევები, შავი ზღვის რეგიონის  როლი თანამედროვე გეოპოლიტიკურ პროცესებში, რეგიონის  მნიშვნელობა ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და კონკრეტულ მაგალითებზე აჩვენოს ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში მყოფი პატარა ქვეყნების  წინაშე არსებული გამოწვევები და   პერსპექტივები.