დღევანდელი მსოფლიო  უსაფრთხოების კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას. არსებული უსაფრთხოების გამოწვევები მოიცავს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პროცესის გაგრძელებას, ყირიმის ანექსიას, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, არასტაბილურობას ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში და კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებს. კონფლიქტის მოგვარებისა და უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების სტრატეგიები სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ტრანსატლანტიკური დიალოგის ფონზე. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად მასპინძლობს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას, სადაც განიხილება ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები. ბოლო 10 წლის განმავლობაში  კონფერენცია არის უნიკალური საერთაშორისო ფორუმი რეგიონში, რომელიც აერთიანებს 300-მდე მოწვეულ სტუმარს, მათ შორის პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, კვლევითი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. კონფერენცია წარმოადგენს სტატეგიულ თემებზე დიალოგის პლატფორმას გლობალურ საფრთხეებსა და საქართველოს უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებზე  საპასუხოდ.  

2017 წელს რიგით მე-11 საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ქალაქ ბათუმში 12 ოქტომბერს გაიმართება. წლევანდელი კონფერენცია უმასპინძლებს გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც  ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა  და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ. ამასთან,  აღნიშნული ლიდერები ყურადღებას გაამახვილებენ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე. კონფერენციის მიზანია არსებულ დინამიურ გარემოსთან საპასუხო ნაბიჯების გააზრება, შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში არსებულ საფრთხეებსა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში ამ რეგიონის მნიშვნელობაზე მსჯელობა.

კონფერენცია მოიცავს ოთხ ინტერაქტიულ მიმართულებას. საპანელო განხილვები შეეხება შემდეგ თემებს:  ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ, ცვალებადი უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში, ჰიბრიდული და ასიმეტრიული საფრთხეები და ევროპული უსაფრთხოების მომავალი.