თავდაცვის მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ლამბერტო ძანიერის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და ეუთოს ერთობლივი პროექტები განიხილეს. მთავარი ყურადღება დემილიტარიზაციის პროცესზე გამახვილდა. ლამბერტო ძანიერიმ იმედი გამოთქვა, რომ ეუთოს წევრი ქვეყნები გააგრძელებენ დემილიტარიზაციის პროექტების დაფინანსებას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. თინათინ ხიდაშელმა ეუთოს გენერალურ მდივანს ოკუპაციის ზონაში არსებულ სიტუაციაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „ასეთი კონფერენციების მთავარი პლუსი ის არის, რომ იძლევა შესაძლებლობას, გაიმართოს ბევრი ორმხრივი შეხვედრა. ჩვენ გვქონდა შეხვედრები როგორც თავდაცვის მინისტრებთან, ასევე ეუთოს გენერალურ მდივანთან. შეუძლებელი იყო, ეს შეხვედრები ისე ჩაგვეტარებინა, რომ არ შევხებოდით იმ ძალიან მტკივნეულ საკითხს, რომლის მოწმეც მთელი საქართველო გავხდით. ამ ახალგაზრდის დაღუპვა მთელი საქართველოს ტრაგედიაა. პირველ რიგში, ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს, დაგვეხმარონ ამ პროცესში, რომ დაუსჯელი არავინ დარჩეს. მეორე, რაც მთავარია უსაფრთხოების მექანიზმები იმგვარად უნდა იყოს დალაგებული, რომ შესაძლებლობა გაჩნდეს, მსგავსი შეხვედრები აღარასდროს განმეორდეს. ამ თემაზე საუბარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეუთოს გენერალურ მდივანთან იყო. ჩვენ მას ვუთხარით ყველა ის წუხილი, რომელიც ქართულ მხარეს აქვს და რომელზეც გვჭირდება უსაფრთხოებაზე მომუშავე და პასუხისმგებელი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. შეხვედრის ბოლოს ლამბერტო ძანიერიმ საქართველოს თავდაცვის მინისტრი კიდევ ერთხელ მიიწვია ბერლინში ეუთოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. თინათინ ხიდაშელი საერთაშორისო ფორუმზე ერთ-ერთ მომხსენებლად წარდგება. შეხვედრა „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის“ (GDSC) ფარგლებში გაიმართა.