შეხვედრა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის“ (GDSC) მეორე დღის ოფიციალური გახსნის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პირველი შეხვედრა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ მიხეილ კოსტარაკოსთან გამართეს. მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის მისიებში - ცენტრალურ აფრიკასა და მალიში საქართველოს მონაწილეობის საკითხი. გენერალმა მიხეილ კოსტარაკოსმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კვლავაც გააგრძელებს საკუთარი წვლილის შეტანას მსოფლიოს უსაფრთხოების საქმეში. მან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს შეიარაღებული ძალების წვლილი ევროკავშირის მისიებში. გენერალმა მიხეილ კოსტარაკოსმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ივლისში დაგეგმილ ახალ მისიაში საქართველოს ჩართვის იმედი გამოთქვა. თინათინ ხიდაშელმა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა, რომ ცენტრალურ აფრიკაში საგამოძიებო ჯგუფი უახლოეს მომავალში გაემგზავრება. თავის მხრივ, გენერალი მიხეილ კოსტარაკოსი მინისტრს ჯგუფის უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაჰპირდა. შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ლუიზა ხითარიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.