თინათინ ხიდაშელის შეხვედრა ჯეიმს აპატურაისთან საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესი დეტალურად განიხილეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პროექტების განხორციელების საკითხებსა და ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინებზე. „ახლახან გამოვედი ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრიდან. საათნახევრის განმავლობაში, პრაქტიკულად, სიტყვა-სიტყვით განვიხილავდით რამდენიმე საკითხს, რომელზეც ვმუშაობთ ინტენსიურ რეჟიმში. ხვალინდელი დღეც, ვფიქრობ, ასეთივე საინტერესო იქნება და საბოლოო ჯამში ყველა გადაწყვეტილებას სამიტი მიიღებს. მოლოდინი არის ერთადერთი, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაიზარდოს, ნატო იყოს უფრო ახლოს, უფრო მეტი პროექტითა და მეტი ინსტრუმენტით იყოს წარმოდგენილი საქართველოში“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელმაც. „დეტალურად განვიხილეთ, თუ როგორ გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები, დავეხმაროთ რეფორმების განხორციელებისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში. მივაღწიეთ წარმატებებს არსებითი პაკეტის განხორციელების მიმართულებითაც. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრმა ჩაატარა ორი სწავლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველ ხალხს შეუძლია, საკუთარი თვალით იხილოს, რეალურად რა კეთდება ამ კუთხით. ნატოს მომავალ სამიტზე ჩვენ საფუძველს ჩავუყრით საქართველოსთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაფართოებას, ასევე, დავეხმარებით საქართველოს დამოუკიდებლად იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე და შეიტანოს საკუთარი წვლილი საერთაშორისო ოპერაციებში“,- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. შეხვედრას ნატოში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე, თავდაცვის მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში შოთა ღვინერია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. შეხვედრა „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის“ (GDSC) ფარგლებში გაიმართა.