შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა შავი ზღვის ფართო რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ინტერაქტიულ თემას გერმანიის მარშალის ფონდმა უმასპინძლა. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტეფან ალექსანდრუ ტინკამ, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორმა ირაკლი მენაღარიშვილმა, საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტის მკვლევარმა მაიკლ სესირემ და მოლდოვას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აურელ ფონდოსმა. ძირითადი აქცენტი ჩრდილოეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და უკრაინის კრიზისზე გაკეთდა. ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, შეიარაღების ლიმიტების მაკონტროლებელი ეფექტური საერთაშორისო მექანიზმის არარსებობამ რეგიონი გამალებულ შეიარაღებამდე მიიყვანა, გაყინული კონფლიქტები კი საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას. მისი თქმით, ამ კუთხით, ევროკავშირისა და ნატოს გააქტიურება აუცილებელია. როგორც სტეფან ტინკამ აღნიშნა, რუმინეთი ცდილობს, ნატოსა და ევროკავშირის დღის წესრიგში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი დააყენოს. „ჩვენ სურვილი გვაქვს ამ რეგიონში ნატო მეტად იყოს წარმოდგენილი, როგორც შემაკავებელი ფაქტორი“, - განაცხადა რუმინეთის წარმომადგენელმა. „ყოველთვის არსებობს გარკვეული სირთულე, როდესაც ასეთ დიდ რეგიონზე საუბრობ. ამ პანელზე ძალიან კარგი ჯგუფი გვყავს, სადაც წარმოდგენილი არიან რეგიონის ქვეყნები - საქართველო, რუმინეთი, მოლდოვა. ვფიქრობ, უკვე შეგვიძლია რეალურად ვისაუბროთ ასეთ სტრატეგიულ თემებზე. შავი ზღვის რეგიონი იმდენად დიდია, რომ ყოველთვის ვერ იქმნება ნათელი წარმოდგენა ამ რეგიონის შესახებ. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, ღიად დავსვათ კითხვები და ვისაუბროთ უსაფრთხოების საკითხებზე, რომლის შესახებ უამრავი დისკუსიაა რეგიონში, ვაშინგტონში, ბრიუსელსა თუ ევროპაში. არ ვფიქრობ, რომ რუსეთის საფრთხე დავიწყებულია. თეთრი სახლი და ევროპა თანხმდება, რომ რუსეთს დაკისრებული სანქციები შეუნარჩუნდეს. შეერთებულმა შტატებმა 3.4 მილიარდი დოლარი გამოყო, რათა მოხდეს საშუალებების მობილიზება და ახალი შესაძლებლობების ზრდა რეგიონში რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. ვფიქრობ, ეს ძალიან რეალური მაჩვენებლებია. დასავლეთს განსაკუთრებით აღელვებს ეს სიტუაცია. ჩემი აზრით, გასაუმჯობესებელია კომუნიკაცია“, - განაცხადა მაიკლ სესირემ.