პირველი თემატური პლატფორმა დაეთმობა ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკისა და პერსპექტივის განხილვას. დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების ფონზე შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობა მოკლევადიან პერსპექტივაში საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობას წარმოშობს.
რუსეთისგან მომდინარე საფრთხე ნატო-ს წევრი ქვეყნების ნაწილს ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების პროცესის შეფერხებისკენ უბიძგებს, რაც ზოგჯერ რუსეთის არაფორმალურ ვეტოდ განიხილება. მოკლევადიან პერსპექტივაში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისადმი სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები ცდილობენ, თავი აარიდონ რუსეთთან დაპირისპირების ესკალაციას. პანელის მონაწილეები აღნიშნული ქვეყნების სტრატეგიულ ინტერესებსა და მათი პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე გაამახვილებენ ყურადღებას.
რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეკავების შესაძლებლობას ნატო-ს წევრი ქვეყნების მეორე ნაწილი ალიანსის პოლიტიკურ კონსოლიდაციასა და აღმოსავლეთ ფლანგზე გაფართოებაში ხედავს. მათ პოზიციას აძლიერებს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულება და საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია. პანელის მონაწილეები ისაუბრებენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის შეუქცევადობის მნიშვნელობაზე ევროპული უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ.