თავდაცვის მინისტრის მოადგილე რუმინეთის დელეგაციას შეხვდა
„საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის“ (GDSC) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე რუმინული დელეგაციის წევრებს შეხვდა.
დელეგაციას რუმინეთის თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სახელმწიფო მდივანი, სტეფან ალექსანდრუ ტინკა ხელმძღვანელობს. შეხვედრას რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი პოლკოვნიკი აურელ კობიანუ, საქართველოში რუმინეთის თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ვალერიკა პიროშკა და საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. რუმინულმა მხარემ ქართულ მხარეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პროექტების განხორციელების საკითხებში, ასევე, ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესში მხარდაჭერა შესთავაზა.
მხარეებმა ნატოს ვარშავის სამიტის მოლოდინების შესახებაც ისაუბრეს. ყურადღება რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც გამახვილდა.