რეზერვის კონცეფციის განხილვა GDSC-ის ფარგლებში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციის (GDSC) ფარგლებში რეზერვის კონცეფციის პროექტის განხილვა გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კონფერენციის მონაწილე სტუმრებს რეზერვის კონცეფციის ზოგადი მიმოხილვა წარუდგინა და აღნიშნა, რომ პროექტის მოქმედი ვარიანტი სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფთან აქტიური დისკუსიის შედეგად შემუშავდა. რეზერვის კონცეფციის დეტალებზე ისაუბრეს საქართველოს შეიარაღებული გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ და რეზერვის კონცეფციის ავტორმა, J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორი ნიკ გური, საფრანგეთის დელეგაციის მეთაური, ბრიგადის გენერალი კრისტიან ტიბო და კანადის დელეგაციის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი პატრიკ კელი. „თავდაცვის მინისტრს რეზერვის საკითხებზე ვესაუბრეთ. განვიხილეთ ის სამუშაო, რომელიც საქართველოში რეზერვის შესაძლებლობების განვითარების მიზნით მიმდინარეობს. ამ მიმართულებით საქართველოს დახმარებას სხვა პარტნიორ ქვეყნებთან - აშშ-სთან, კანადასთან და საფრანგეთთან ერთად გაერთიანებული სამეფოც უწევს. ქართველებმა ბევრი რამ ისწავლეს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს მიერ რეზერვის მოდერნიზაციის კუთხით მიღწეულმა პროგრესმა“,- განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორმა ნიკ გურმა. ქართული რეზერვის კონცეფციის პროექტი დადებითად შეაფასა საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელმაც. „ძალიან მოხარული ვარ, რომ აღნიშნულ, მაღალი დონის კონფერენციაში ვმონაწილეობ. საქართველოში პირველად ვარ. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლა ხდება. მრგვალი მაგიდის ფარგლებში რეზერვის კონცეფციაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფსაც შევხვდი. შევიტყვე, რომ საქართველო რეზერვის განვითარების ნოვატორულ, მნიშვნელოვან პროექტში ჩაერთო. საფრანგეთშიც ახალ რეზერვს ვაყალიბებთ თანამედროვე საფრთხეებთან გასამკლავებლად. რა თქმა უნდა, საფრთხეები და გამოწვევები განსხვავებულია, მაგრამ ჩანს, რომ ჩვენ ორივე ქვეყანას გვაქვს რეზერვის განვითარების საჭიროება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ფრანგული რეზერვი მოქმედ არმიაში ინტეგრირებაზეა ორიენტირებული, ამ ტიპის რეზერვის განვითარებით მოქმედ არმიას ვავსებთ, ხელს ვუწყობთ რაოდენობის სწრაფად გაზრდას. ეს რთული გამოწვევაა, სტრატეგიული გამოწვევაა როგორც ჩვენი, ასევე თქვენი ქვეყნისთვის. მინდა დაგარწმუნოთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერაში, პირადად ჩემი და მთელი ფრანგული შეიარაღებული ძალებისა და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ასეთი კონფერენციის ორგანიზებას, რომლის ფარგლებშიც ბევრი რამე გავიგე“,- განაცხადა ბრიგადის გენერალმა კრისტიან ტიბომ. კონცეფციის პროექტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვის მთავარი ამოცანა ომის, კრიზისებისა და მშვიდობიანობის დროს ძირითადი ძალების მხარდაჭერაა. პროეტში საუბარია რეზერვის სამ კატეგორია - არმიის, ტერიტორიულ და სპეციალისტების რეზერვზე. კონცეფციის პროექტი ავთენტურია, თუმცა, მოიცავს პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ნატოს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის (NRFC) გამოცდილებას.