შავი ზღვის ფართო რეგიონის უსაფრთხოება საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების მეორე დღე უსაფრთხოების არქიტექტურაზე საუბარს ეთმობა. კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოს შავი ზღვის ფართო რეგიონის უსაფრთხოებაზე ორი ინტერაქტიული სესიის დროს იმსჯელეს. მეორე პარალელურ სესიას მოდერატორობა ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა საქართველოში ანდრეა კირბსიმ გაუწია. შავი ზღვის ფართო რეგიონის უსაფრთხოების პანელზე სიტყვით გამომსვლელები იყვნენ აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი არიელ კოენი, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის დირექტორი კახა გოგოლაშვილი, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ბასატ ოზთურქი და კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი ლინკოლნ მიტჩელი. პანელის მომხსენებლები შეთანხმდნენ, რომ რეგიონის უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ განვითარებასა და მდგრადობასთან. კახა გოგოლაშვილის განცხადებით, რეგიონში რისკების შემცირება ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია რეგიონში ნატოს გააქტიურება. ლინკოლნ მიტჩელმა შავი ზღვის რეგიონში საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობა. ამ კონტექსტში მან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზეც ისაუბრა. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბასატ ოზთურქმაც. მისი განცხადებით, საქართველომ სტრატეგიულად უნდა გამოიყენოს მისი ლოკაცია და ეკონომიკური თვალსაზრისით საინტერესო გახდეს ისეთი ქვეყნებისთვისაც კი, როგორიც ჩინეთია. აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა არიელ კოენმაც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ სამხედრო საფრთხეები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშემშლელი ფაქტორია. „უსაფრთხოების გარეშე ინვესტიციები ვერ განხორციელდება. 2008 წლამდე აქტიურად მიმდინარეობდა დისკუსიები რეგიონში ინვესტიციების განხორციელების შესახებ. თუმცა, დღეს, პირველ რიგში, უნდა განვიხილოთ არსებული საფრთხეები და გამოწვევები და საქართველოს, უკრაინისა და ნატოს ქვეყნების წინაშე შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით არსებული შესაძლებლობები. ნატოს მთავარმა მოკავშირე ქვეყნებმა, როგორებიც არიან ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და გერმანია, უნდა შექმნან გაერთიანებული საჰაერო და საზღვაო სარდლობა, რომლებიც რეგიონში ყველა სახელმწიფოს სამხედრო ძალებს გააერთიანებენ, გაუწევენ კოორდინაციას, გახდიან თავსებადს და სამხედრო საზღავო ძალებს მისცემენ როტაციის საშუალებას. რუსეთის აგრესიული ქმედებები, რომელიც საბრძოლო საშუალებების განთავსებას აგრძელებს ხმელთაშუა ზღაზე, ყირიმსა და შავ ზღვაზე, უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოებასაც ემუქრება. ეს გარემოება კი აუცილებლობას ქმნის, რეგიონში ნატოს გაერთიანებული სარდლობა შეიქმნას,“ - აღნიშნა არიელ კოენმა.