ნატოს გაფართოება - როდის? „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის“ პირველი დღის მთავარი თემა ნატოს გაფართოების საკითხი იყო. კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე ორი ინტერაქტიული სესიის დროს იმსჯელეს. მეორე პარალელურ სესიას მოდერატორობას საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის წევრი ბათუ ქუთელია უწევდა. პანელზე გამომსვლელები იყვნენ ესტონეთის თავდაცვის მინისტრის ჰანეს ჰანსო, საქართველოს ელჩი ნატოში ალექსანდრე მაისურაძე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯონ ჰეფერნი და ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი. „პანელზე, რომელსაც ერქვა „როდის“, განვიხილეთ, თუ როდის განხორციელდება საბოლოო შედეგი იმ სტრატეგიული გეგმისა, რომელსაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება ჰქვია. მონაწილეებმა ისაუბრეს იმ ასპექტებზე, რომელზეც დამოკიდებულია ამ პროცესის რაც შეიძლება სწრაფად განხორციელება. კერძოდ, ეს არის საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ევროპაში მიმდინარე სტრატეგიული პრიორიტეტებისა და საფრთხეების გადაფასება; ეს არის რუსეთთან დაკავშირებული საკითხები და პრობლემები, ასევე, საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან. საბოლოოდ, პანელს თუ შევაფასებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო ოპტიმისტური განცდა იმისა, რომ მართებული, კარგად კოორდინირებული პოლიტიკით საქართველოს შეუძლია, გაცილებით ადრე მიაღწიოს ამ მიზანს, ვიდრე დღეს ეს ერთი შეხედვით ჩანს. ამისთვის საჭიროა ერთიანი კოორდინაცია გამაგრებული იყოს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერით“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ. ჯონ ჰერბსტმა აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების გამოწვევებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დღეს მთავარ პრობლემას რუსეთი წარმოადგენს. ჯონ ჰეფერნმა კი საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მან ქართულ მხარეს მსოფლიოს სტაბილურობის უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს აქვს პოტენციალი რეფორმების გატარების კუთხით რეგიონში ლიდერი იყოს. ნატოში საქართველოს ელჩის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიაც, სწორედ, რეფორმების გაგრძელებაა. მან ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვარშავის სამიტზე ეს საკითხი უფრო ფართო ჭრილში განიხილება. ჰანეს ჰანსომ გამოსვლის მთავარი აქცენტი ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკაზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ალიანსის კარი ღიაა საქართველოსთვის და ამის მაგალითად მონტენეგრო დაასახელა. „მნიშვნელოვანი გზავნილია არა ის, მიისწრაფის თუ არა საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად, არამედ ის, თუ როდის გაწევრიანდება თქვენი ქვეყანა ალიანსში. ნატოს გაფართოების პარალელური სესიები, სწორედ, ამ ორ საკითხზე მსჯელობას ეთმობა. თუ თქვენი ქვეყანა განაგრძობს რეფორმებს, თქვენ ისევე სწორი მიმართულებით მიდიხართ, როგორც ჩვენი ქვეყნები - ესტონეთი, ლიტვა და ლატვია მიდიოდნენ რამდენიმე წლის წინ. შედეგად, კი ნატოს კარი თქვენთვის გაიღება. ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ - რამდენიმე წლის წინ ბუქარესტის სამიტზე განაცხადი გაკეთდა, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს კარი ღიაა და ეს განაცხადი დღესაც ძალაში რჩება“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.