საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის პირველი დღე მთლიანად ნატოს თემაზე მსჯელობას დაეთმო. საერთაშორისო ფორუმის პირველ პანელს - უელსიდან ვარშავამდე მოდერატორობა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა გაუწია. სესიაზე მომხსენებლები იყვნენ: საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარეკ ზიოლკოვსკი და ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე, გენერალ სერ ადრიან ბრედშოუ.
პანელზე საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს, ვარშავის სამიტის მოლოდინებს და პარალელურად, რეგიონში არსებულ გამოწვევებს.
„საქართველომ უნდა იამაყოს მიღწეული შედეგით და ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით. კონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცითი შესაძლებლობები, ქვეყნის უსაფრთხოება და პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაიზრდება,“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პანელზე სიტყვით გამოსვლისას. თინათინ ხიდაშელმა ვარშავის სამიტამდე კიდევ უფრო მეტი აქტივობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოსთვის უფრო მეტი თავდაცვითი შესაძლებლობების საჭიროებაზე ისაუბრა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველო ასრულებს პირობას, წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოებაში და ნატოსა და ევროკავშირის მტკიცე პარტნიორია. ნატოსთან თავსებადობის ამაღლების კუთხით, მინისტრმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მუშაობაზეც ისაუბრა. „ჩვენ ვიძახით, რომ გვინდა მეტი საქართველო ნატოში. თუმცა, ასევე სასურველია უფრო მეტი ძალისხმევა დადებული პირობების მიმართ. გაერთიანებული ნატო საუკეთესო პასუხი იქნება შეკავების პოლიტიკასა და ყველა არსებულ გამოწვევაზე,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
“ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საქართველოსთვის ვარშავის სამიტზე შეიძლება მოხდეს, ალიანსმა უნდა მიიღოს საუკეთესო სტრატეგია რუსეთის შესაკავებლად. როგორც ხედავთ, ალიანსი აღმოსავლეთით ძლიერდება და ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი რუსეთისთვის, თავი შორს დაიჭიროს და კვლავ არ ჩაერიოს ევროპულ უსაფრთხოებაში. ყირიმის შემდეგ, ვფიქრობ, ალიანსი საქართველოში მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი. როგორც პრემიერ მინისტრმა განაცხადა, მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. ეს იქნება ნათელი მინიშნება, რომ ალიანსი რუსეთის აგრესიის შემაკავებელ პოლიტიკას ატარებს,“ - განაცხადა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა.
ჯეიმს აპატურაიმ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე იმსჯელა. მისი თქმით, ალიანსი წვრთნების ჩატარებითა და ინფორმაციის გაცვლით რეგიონის გაძლიერებას ცდილობს. როგორც აპატურაიმ აღნიშნა, საქართველო კავკასიის რეგიონში ევროპის ერთ-ერთი სასურველი ადგილია. „უელსის სამიტზე საქართველოს გადაეცა ძალიან მნიშვნელოვანი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც საქართველოს მიმართ ნატოს მხადაჭერის გაძლიერებას ითვალისწინებს. უელსის სამიტის შემდეგ, ნატო უფრო მეტად არის წარმოდგენილი საქართველოში. ჩვენ პირველ რიგში ვახორციელებთ პაკეტით განსაზღვრულ მიმართულებებს. საქართველოში ჩამოვიდა ნატოს მრჩეველთა ჯგუფი, გავხსენით პირველი ერთობლივი წვრთისა და შეფასების ცენტრი, რომელმაც უკვე ჩაატარა პირველი წვრთნა. ვარშავის სამიტზე საქართველო უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი, ვიდრე ნებისმიერი სხვა პარტნიორი სახელმწიფო. ქართული მხარე შეხვედრებს გამართავს თავდაცვის მინისტრებთან, ასევე გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. შესაძლოა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ გვქონდეს მიღებული, თუმცა, საქართველოსთან მიმართებაში წამოვაყენებთ ახალ ინიციატივებსა და განვიხილავთ ახალ იდეებს. ნათელია, რომ რუსეთი სულ უფრო ზრდის ხარჯებს თავდაცვაზე, ხსნის ახალ სამხედრო ობიექტებს, ატარებს წვრთნებს ჩვენს საზღვრებთან ახლოს, რომლებიც საფრთხეს გვიქმნის. შესაბამისად, გვიწევს მუდმივად თვალყური ვადევნოთ რუსეთის მოქმედებებს. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ ყველაფერზე ერთად. განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს შავი ზღვის რეგიონი. საქართველომ უკვე მიიღო მონაწილეობა ნატოს მიერ შავი ზღვის საკითხებზე გამართულ დისკუსიებში, კონკრეტულად კი იქ არსებულ უსაფრთხოების სიტუაციაზე, რამდენად შეიცვალა რეგიონში უსაფრთხოების გარემო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთთმა ყირიმში სამხედრო ტექნიკა შეიყვანა რა შეიძლება გავაკეთით ერთობლივი ძალებით“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე გაამახვილა ყურადღება ნატოს ევროპული ძალების უმაღლესმა მთავარსარდლის მოადგილემ. გენერალ სერ ადრიან ბრედშოუს განცხადებით, რეგიონში არსებულ გამოწვევას სტრატეგიულად უნდა მივუდგეთ, რაც პოლიტიკურ, დიპლომატიურ და ეკონომიკურ ასპექტებს მოიცავს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მარეკ ზიოლკოვსკის განცხადებით, საქართველო ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში ნატოს ბრწყინვალე პარტნიორია. დასაფასებელია ქართველი სამხედროების წვლილი. მან ასევე აღნიშნა, ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი კარგი ინსტრუმენტია.