რა შეიცვალა მსოფლიო წესრიგის წესებში? საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის ბოლო პანელს კონრად ადენაუერის ფონდმა უმასპინძლა. კონფერენციის მეოთხე თემატური სესია გლობალური და ევროპული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებს, არსებული საფრთხეების შეფასებასა და მათთან გამკლავების ხედვების განხილვას დაეთმო. ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს, 2014 წელს კი - უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ და ყირიმის ანექსიამ. ევროპის უსაფრთხოების გარემოზე, ასევე, უარყოფითად აისახა მის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგზე განვითარებული კრიზისების დინამიკა, მიგრანტების ნაკადისა და ტერორიზმის საფრთხის ინტენსიფიკაცია. პანელის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდა არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროატლანტიკური სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. პანელი ორ პარალელურ სესიად წარიმართა. სესიას ევროპული უსაფრთხოება - კავშირები, რისკები და გამოწვევები - მოდერატორობა აშშ-ის მარშალის ფონდის დირექტორმა დანიელ ტვინინგმა გაუწია. მომხსენებლები კი, იყვნენ ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ძანიერი, ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მიხაილ კოსტარაკოსი, სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ევროკავშირის საკითხებში დავით ბაქრაძე და გერმანელი ჟურნალისტი სილვია შტიობერი. გამომსვლელებმა ყურადღება ტერორიზმზე, ჰიბრიდულ ომზე, რუსეთის ფაქტორზე, ე.წ. რბილ ძალაზე გაამახვილეს. მათი თქმით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ევროპა, სწორი პასუხების გაცემის მიზნით, მიდგომების გადახედვასა და გადაფასებას ახდენს. სპიკერების შეფასებით, საქართველო მყარი, საიმედო პარტნიორია, რომელიც სწორად აფასებს ღირებულებებს, მისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და სწორედ ამიტომ, მას გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საკუთარი წვლილი შეაქვს. პატარა ქვეყნებისთვის უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას დაეთმო მეორე პარალელური სესია, რომლის მოდერატორიც ბელგრადის ევროატლანტიკური კვლევების ცენტრის დირექტორი, ელენა მილიჩი იყო. პანელზე მოხსენებით გამოვიდნენ ლატვიის პარლამენტის სპიკერი ინარა მურნიეცე, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტი ეკა ტყეშელაშვილი, სლოვენიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი რომან იაკიჩი და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი. პანელის მომხსენებლებმა მთავარი აქცენტები კვლავ რუსეთისა და აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხეებზე გააკეთეს და შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ევროატლანტიკური სტრუქტურების გააქტიურება რეგიონში. ასევე აღინიშნა, რომ უკრაინის კრიზისმა განსაკუთრებით შეცვალა უსაფრთხოების გარემო. ინარა მურნიეცემ აღნიშნა, რომ ომი საერთაშორისო საკითხია და არა რომელიმე ერთი ქვეყნის გამოწვევა, რადგან მისი შედეგები სხვა აქტორებზეც ვრცელდება.