საქართველოს პოლიტიკური კონსენსუსი ნატოში ინტეგრაციაზე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის პირველი დღე - ნატოს დღე დასრულდა. დღევანდელი კონფერენციის ბოლო პანელი ალიანსში გაწევრიანებაზე საქართველოს პოლიტიკურ კონსენსუსზე საუბარს დაეთმო. სესიის მომხსენებლები იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ირაკლი ჩიქოვანი და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი. პანელს მოდერაცია აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა გაუწია. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ნატოში ინტეგრაციაზე კონსენსუსი არა მხოლოდ ქართველ საზოგადოებაშია მიღწეული, არამედ, ალიანსის მასშტაბითაც. როგორც მან აღნიშნა, ნატო ქართველი ხალხის ღირებულებების გარანტია და ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა ნატოსთან და ევროკავშირთან ასოცირდება. ამ მიზნის მისაღწევად კი, პარლამენტის თავმჯდომარემ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება დაასახელა. „ვსაუბრობთ, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ჩვენი თანამშრომლობა, როგორ იყოს საქართველო უფრო უსაფრთხო, მეტად დაცული და სანაცვლოდ საქართველოს რისი გაკეთება შეუძლია მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. ეს კონფერენცია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, როგორც ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების ნაწილში, ისე ამ პროცესის მიღმა და გარეთ. დღეს დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო წვრთნა, რომლის მსგავსი ღონისძიებები საქართველოში კვლავაც ჩატარდება. ეს, ყოველდღიურად, მეტ თავდაცვასა და მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს ყველასთვის“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. ნატოს დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა შეაჯამა. მან ვარშავის სამიტის წინ კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ფორუმზე მთავარი აქცენტი, სწორედ, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე მსჯელობას დაეთმო. მიხეილ დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ალიანსში გაწევრიანება პოლიტიკური კონსენსუსის საკითხია. „სხვადასხვა პანელზე განვიხილეთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, ჩვენი ურთიერთობა როგორც ალიანსთან, ასევე მის წევრ ქვეყნებთან. გამოითქვა დადებითი შეფასება იმ წვლილის გამო, რასაც საქართველო გლობალური უსაფრთხოების საქმეში ეწევა. მიმოვიხილეთ ის სავარაუდო შედეგები, რასაც ვარშავის სამიტზე უნდა ველოდოთ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ალიანსთან და რაც კიდევ უფრო გააღრმავებს იმ თავსებადობას, რაც ჩვენ გაგვაჩნია არა მხოლოდ პოლიტიკური კუთხით, არამედ, სამხედრო თვალსაზრისით. ხაზი გაესვა, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, ტრანსფორმაცია, თავისი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. როდესაც კი შეიქმნება ხელსაყრელი საერთაშორისო, სტრატეგიული გარემო, საქართველო უნდა იყოს სრულად მზად, რათა შეუერთდეს ალიანსს, როგორც სრულფასოვანი წევრი,“ - განაცხადა მიხეილ დარჩიაშვილმა.