კონფერენცია დღეს მეოთხე პანელით დაიხურა. დისკუსიაში, რომელიც ნატოს ISAF-ის მისიის სამომავლო გეგმების განხილვას დაეთმო, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მონაწილეობდა. პანელში „პოსტ-ISAF ნატო: შესაძლებლობების და ურთიერთთავსებადობის შენარჩუნება“ ასევე, მონაწილეობდნენ ესტონეთის თავდაცვის მინისტრი სვენ მიკსერი, ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე მარიუს ველიჩკა და ნატოს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის ყოფილი გენერალური დირექტორი იურგენ ბორნემანი. დისკუსიას მოდერატორობა პაკისტანში აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენლის ოფისის უფროსის მოადგილემ რობერტ ჰამილტონმა გაუწია. 

 

„განხილულ იქნა ISAF-ის შემდგომი პერიოდისთვის შეიარაღებულ ძალებში და ნატოს პარტნიორ ქვეყნებში არსებული უნარ-ჩვევების თავსებადობისა და ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებისკენ მიმართული ღონისძიებები. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც ხდება მსოფლიოში, რაც ზრდის საფრთხეებს და შესაბამისად, აუცილებლობა ამ ახალი საფრთხეებისადმი ნატოს და ნატოს პარტნიორი ქვეყნების მომზადებისთვის. ასევე, განვიხილეთ ის ღონისძიებები, რომელიც უნდა დაიგეგმოს, ნატოს პარტნიორი ქვეყნების მხარდასაჭერად.“ -განაცხადა დისკუსიის დასრულების შემდეგ გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.