შოთა ღვინერიას შეხვედრა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში შოთა ღვინერია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მარეკ ზიოკოლსკის შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე კონკრეტულად კი, ოკუპაციით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო კვირაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზეც ისაუბრა, რომელშიც პოლონეთიც მონაწილეობს და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სადამკვირვებლო მისიის ჩართულობა უნდა გაიზარდოს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე და მოახლოებულ ვარშავის სამიტზე ქართული მხარის მოლოდინებზე. პოლონურმა მხარემ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რიგით მე-10 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის“ (GDSC) ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.