გენერალი ბრედშოუ: „ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან თანამშრომლობას ურთიერთთავსებადობის გაძლიერების მიზნით“
თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილეს, გენერალ სერ ადრიან ბრედშოუს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, ვარშავის მოახლოებულ სამიტზე და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაზე ისაუბრეს, რაც თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმს წარმოადგენს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს კონტრიბუციას, ხაზგასმით აღინიშნა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილი.
თინათინ ხიდაშელმა და გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილეს ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია და თავსებადობის რეჟიმში მუშაობს ნატოს შეიარაღებულ ძალებთან. ეს უკვე ცარიელი სიტყვები აღარ არის და ოფიციალურად დადასტურებულია გუშინდელი დღიდან. ჩვენ ვემზადებით უფრო მეტი წვრთნებისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული ღონისძიებებისთვის, თუმცა, ვიდრე 2017 წელში გადავალთ, 2016 წელს დაგეგმილია ბევრი წვრთნა ორმხრივ და სამმხრივ ფორამატებში. წლის ბოლომდე ბევრი გეგმა გვაქვს.“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ნატოს და საქართველოს საერთო მიზნები აქვს.
„მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ხაზი ესმევა იმ გეგმებს, მომავალ ხედვებს, რაც ორივე მხარისთვის საინტერესოა ნატოს და საქართველოს მიმართებაში. ხაზი გაესვა რეგიონში საფრთხის და გამოწვევების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას. რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, ჩვენ ახლა ვართ ერთი გუნდი, როგორც ნატო, ისე საქართველო, მიუხედავად იმისა, ჩვენ ამ წუთებში ვართ თუ არა ნატოს წევრი. ჩვენ ნამდვილად ვითვლებით მათ უახლოეს პარტნიორად. ასე რომ, ჩვენ ერთიანი მიზნები და ერთიანი ამოცანები გვაერთიანებს“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილემ ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“ დადებითად შეაფასა და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:
„ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები და წარმოვადგენ ევროპის გაერთიანებული ძალების უმაღლეს სარდლობას. მინდა მადლობა გადავუხადო მასპინძლებს - თავდაცვის მინისტრს და გენერალ კაპანაძეს არა მხოლოდ მასპინძლობისთვის, არამედ, ასეთი სწავლების ორგანიზებისთვის, სადაც ნატოს ორი ქვეყანა საქართველოსთან ერთად გადის ერთობლივ წვრთნებს. დღეს ჩვენ ვიხილეთ ძალიან დამაჯერებელი ჩვენება სახმელეთო და საჰაერო ელემენტების მონაწილეობით. ეს არის მაგალითი, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი თანამშრომლობით. ეს არის ჩვენი სოლიდარობის ნათელი გზავნილი და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის დადასტურება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან თანამშრომლობას, რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს ურთიერთთავსებადობა და ქმედებების კოორდინირება სტრატეგიულ სფეროში. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა გენერალმა სერ ადრიან ბრედშოუმ.