1-2 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) უმასპინძლებს. რიგით მე-12 კონფერენცია ჩატარდება ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“.
ბოლო 12 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
კონფერენცია ხუთი ინტერაქტიული სესიისგან შედგება. პირველი პანელის თემა იქნება „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავება“. მეორე სესიის განმავლობაში განიხილება ტოტალური თავდაცვის თანამედროვე გამოწვევები. მესამე სესიაზე ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე იმსჯელებენ, მომდევნო მეოთხე პანელი კი ბრიუსელის სამიტის შემდეგ ნატოს „ღია კარის პოლიტიკას“ შეეხება. მეხუთე პანელი დაეთმობა „შავი ზღვის გეოპოლიტიკა - ფაქტები, ინტერესები და პერსპექტივების“ განხილვას.
დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://gdsc.mod.gov.ge/
მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან აღნიშნული ღონისძიების გაშუქებით, აკრედიტაცია უნდა გაიარონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 26 ოქტომბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე. სააკრედიტაციო ბარათები გაიცემა ღონისძიების დაწყების წინ.
დასწრების მსურველმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა აკრედიტაციის მისაღებად, [email protected] ელ-ფოსტაზე უნდა გამოაგზავნონ შემდეგი მონაცემები:
სახელი, გვარი
მედიასაშუალების დასახელება
პოზიცია
პირადი ნომერი