შეხვედრა ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ესტონეთის თავდაცვის მინისტრს ანე ჰანსოს შეხვდნენ. „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის“ (GDSC) ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გენერალური შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან - ესტონელებთან საქმიანი შეხვედრა შედგა, მან განხილულ საკითხებს შორის ერთობლივი სწავლებისა და რეზერვის სფეროში თანამშრომლობის თემები გამოყო. „დაისახა შემდგომი თანამშრომლობის გეგმები. ესტონელებს თანამშრომლობის ფარგლებში ვთავაზობთ ჩვენი სასწავლო ცენტრების გამოყენებას. გავიზიარებთ მათ გამოცდილებას რეზერვის მომზადებისა და ადგილობრივი მოსახლეობის რეზერვისთვის მხარდაჭერის მიმართულებით“, - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა. ესტონურმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. შეხვედრაზე ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა და განსაკუთრებით გამოიყო კიბერუსაფრთხოების მიმართულება. ქართულმა მხარემ ესტონეთს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი პრიტ ტურკი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი კულდარ კესკულა და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.