24-25 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რიგით მე-10 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) უმასპინძლებს. კონფერენციას ვიდეომიმართვით ღონისძიების ერთ-ერთი პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი გამოეხმაურა.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, განსაკუთრებით კი მინისტრ თინათინ ხიდაშელთან პარტნიორობით, მაისის ბოლოს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ვატარებთ. კონფერენციის მონაწილეები ძალიან კრიტიკულ დროს ვიკრიბებით - წინ ნატოს ვარშავის სამიტია. ასევე, თუ შევხედავთ ევროპულ უსაფრთხოებას და იმ გამოწვევებს, რომელიც აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან გვაქვს, ნამდვილად ისტორიული დროა“, - აცხადებს დეიმონ ვილსონი.

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი კონფერენციის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას: „კონფერენციის ფორმატი მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს - შემოგვიერთდით, გაგვიზიარეთ თქვენი იდეები და გახდით იმ საზოგადოების ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია მოქმედებაზე, პრობლემების მოგვარებაზე, უფრო უსაფრთხო და აყვავებული ტრანსატლანტიკური საზოგადოების შექმნაზე, რომლის ნაწილიც არის საქართველო და კავკასია.“

 

ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკურ საბჭოსთან ერთად კონფერენციის პარტნიორები არიან თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI), აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდი და კონრად ადენაუერის ფონდი.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ინტერაქტიული პლენარული და პარალელური სხდომების მეშვეობით, დღევანდელი უსაფრთხოების გარემოს წინაშე მდგარ მწვავე გამოწვევებთან დაკავშირებით, ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს გაუზიარებენ.

კონფერენციაზე ოთხი ინტერაქტიული თემატიკა განიხილება. პირველი დღე მთლიანად ნატოს მიეძღვნება და მთავარი აქცენტი მოახლოებულ ვარშავის სამიტზე გაკეთდება. მეორე დღეს კი, სამი ძირითადი თემატიკის განხილვა მოეწყობა - შავი ზღვის ფართო რეგიონის, როგორც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილის უსაფრთხოება; თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი და მისი მცირე ქვეყნებზე ზეგავლენა და ომის არაკონვენციური განზომილება.