საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია დასრულდა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია დასრულდა. კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეაჯამეს. დისკუსიას CNN-ის კორესპონდენტი, ჯილ დოჰერთი უძღვებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ სწრაფვასა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობაზე. „მთავარი აქცენტი გაკეთდა ნატოზე, თუმცა საკითხის განხილვა უფრო ფართო კონტექსტში მოხდა - მსჯელობა შეეხო საქართველოს როლს მსოფლიოში, რეგიონში. ვისაუბრეთ ევროპაში საქართველოს ადგილზე. ძალიან საინტერესო დისკუსია გამოვიდა. საქართველოში ბევრჯერ ჩამოვსულვარ, ვხედავ მიღწეულ პროგრესს და იმასაც, თუ რა რჩება გასაკეთებელი, რა ტიპის რეფორმები და ცვლილებებია საჭირო. ქვეყანა სწორ გზას ადგას და რაც მთავარია, აქვს სურვილი გააგრძელოს განვითარება. საქართველოს შეუძლია, გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ, მთელს მსოფლიოზე“, - განაცხადა ჯილ დოჰერთიმ. კონფერენცია ევროპულ და ევრო-ატლატნიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ შეაფასა: „ეს უკვე მეათე კონფერენციაა, რაც მიუთითებს იმ თანმიმდევრულ პოლიტიკაზე, რომელიც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით გააჩნია. დღესდღეობით ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე. საქართველო არის ამ პროცესის აქტიური მონაწილე თავისი მაღალი თავსებადობით ნატოს ჯარებთან, აქტიური მონაწილეობით უსაფრთხოების ღონისძიებებში, დემოკრატიული განვითარებისა და ჯარის მოდერნიზების გზით. აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესო განხილვები იყო. ჩვენი ყურადღება, რა თქმა უნდა, გამახვილებული იყო იმ კონკრეტულ შედეგებზე, რომელსაც პოლიტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით საქართველო ელოდება სამიტისგან.“ კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტმა ეკა ტყეშელაშვილმა. „წლების განმავლობაში არა მარტო გამყარდა ეს საინტერესო კონფერენცია, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე ტარდება, არამედ, მუდმივად არის პოზიტიური ზრდის დინამიკა, როგორც მნიშვნელობის, ისე მოცულობის თვალსაზრისით. წელს მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია. თემატიკაც ძალიან საინტერესო იყო. სხვადასხვა სადისკუსიო ოთახებში იმ საკითხების განხილვა მოეწყო, რაც აქტუალურია დღეს რეგიონული და გლობალური თვალსაზრისით, ამიტომ ძალიან მისასალმებელია, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდა. საქართველო, რომელსაც სერიოზული გამოწვევები აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით, არის სერიოზული წვლილის შემტანი საერთო უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში, მასპინძლობს ასეთ ღონისძიებას, რათა ჩვენთან, საქართველოში, ჩვენს დედაქალაქში ხდებოდეს იმ აქტუალური საკითხების განხილვა, რაც ყველასთვის აქტუალურია, როგორც გლობალური, რეგიონული თვალსაზრისითაც“. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და კონფერენცია დახურულად გამოაცხადა.