კონფერენციის მესამე თემატური პლატფორმა დაეთმობა არაკონვენციური ომის წარმოების თავისებურებების განხილვას. აღნიშნული თემის მნიშვნელობას საერთაშორისო სისტემაში არაკონვენციური ომის მეთოდების გამოყენების მზარდი ტენდენცია განაპირობებს. პლატფორმის ფარგლებში ორი პარალელური დისკუსია წარიმართება: არაკონვენციური ომის მეთოდების გამოყენება არასახელმწიფო აქტორების მიერ და არაკონვენციური ელემენტის როლის ზრდა სახელმწიფო აქტორების მოქმედებებში.

ტერორიზმი კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ განვითარებული სამყაროსათვის. ისლამური სახალიფოს მაგალითმა წარმოაჩინა, რომ სხვადასხვა ნიშნით გაერთიანებული გარკვეული ჯგუფების მიერ სახელმწიფოების წინააღმდეგ არაკონვენციური მეთოდებით ბრძოლა მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე ქვეყნების შეიარაღებული ძალებისათვის. პანელის მონაწილეები ისაუბრებენ არაკონვენციურ საფრთხეებთან გამკლავების კუთხით შეიარაღებული ძალების როლზე და ამ მხრივ არსებულ საკანონმდებლო შეზღუდვებზე.

სახელმწიფო აქტორების მხრიდან არაკონვენციური ომის მეთოდების გამოყენების საფრთხე განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შემდეგ. უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდულმა ომმა წარმოაჩინა შეიარაღებული ძალების მზადყოფნის აუცილებლობა არატრადიციული ტიპის საფრთხეებზე საპასუხოდ. პანელის მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ კონვენციური ძალების მოქმედებებზე არაკონვენციური ომის პირობებში და მსგავს სიტუაციებში არსებულ ძირითად შეზღუდვებსა და გამოწვევებზე.