ჩემთვის დიდი პატივია თავდაცვის მინისტრის რანგში გიმასპინძლოთ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-13 კონფერენციაზე, რომლის ფარგლებშიც საშუალება მოგვეცემა განვიხილოთ ჩვენს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ღიად ვიმსჯელოთ მათი გადაჭრის გზებზე. თქვენი ნებართვით, ჩემს სიტყვას ინგლისურ ენაზე განვაგრძობ.
 
 
ნება მომეცით მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს, პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს აქტიური მხარდაჭერისა და ძალისხმევისთვის. წლების მანძილზე საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარე რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხების განსახილველად მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა.
 
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ მზარდ შესაძლებლობებთან ერთად დინამიურად და მრავალმხრივ იზრდება უსაფრთხოების გამოწვევებიც, რაც, მუდმივ ყურადღებასა და საპასუხო რეაგირებას მოითხოვს.
 
 
ვაცნობიერებთ რა, მსოფლიო დინამიკაში არსებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს, პასუხისმგებლობით ვეკიდებით აღნიშნულ გამოწვევებს და ვმუშაობთ, რათა გავაღრმავოთ ცნობიერება ცვალებადი გლობალური გარემოს შესახებ, რომელიც თავისთავად მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებს.
 
 
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წელს სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე მსჯელობას დაეთმობა. ჩვენ გვსურს განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ ნატო-ს ვალდებულებებზე, გაამყაროს აღმოსავლეთ საზღვრები მისი წევრი ქვეყნების შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებით, ასევე, საქართველოს როლზე რეგიონული სტაბილურობის დაცვაში და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
 
დარწმუნებული ვარ, რომ აქ გამართული დებატები და დისკუსიები განსაკუთრებით აქტუალური და გამორჩეული იქნება ხარისხითა და შედეგით, რადგანაც ვიმყოფებით იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი, დესტრუქციული ქმედებები და დესტაბილიზაციის მცდელობები. ეს არის გეოსტრატეგიული რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბევრი ქვეყნისთვის, რადგან:
 
- აქ ისტორიულად აღმოსავლეთი ესაზღვრება დასავლეთს;
 
- რეგიონი წარმოადგენს მთავარ გზაჯვარედინს განსხვავებული კულტურებისთვის და სხვადასხვა სავაჭრო მარშრუტებისთვის;
 
- შავი ზღვის რეგიონი წარმოადგენს ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის საგულისხმო და მზარდი მნიშვნელობის შემადგენელ ნაწილს;
 
- საქართველო, როგორც ამ სურათის განუყოფელი ნაწილი და აშშ-ს, ევროკავშირისა და ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორი, ვითარდება, ძლიერდება და ფოკუსირებულია მიზანზე, გახდეს უსაფრთხოების თანამეგობრობის წევრი.
 
ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო მოწოდებულია კიდევ უფრო გააძლიეროს ტრანსფორმაციის პროცესი, რათა ჩამოვაყალიბოთ უფრო ძლიერი, უფრო ეფექტიანი თავდაცვის სისტემა, გავაძლიეროთ ოპერატიული შესაძლებლობები და მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ნატო-სთან, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი.
 
ეს არც თუ ისე მარტივი პროცესია, თუ გავითვალისწინებთ უსაფრთხოების კუთხით არსებულ მზარდ გამოწვევებს. მიუხედავად ამისა, სიამაყით აღვნიშნავ, რომ ჩვენ გავატარეთ წარმატებული რეფორმები დემოკრატიული ღირებულებების, კანონის უზენაესობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ამავე დროს, საქართველო საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება.
 
მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი სიძლიერე ჩვენს ერთობაშია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს სიძლიერე მდგომარეობს აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულებაში, თანამიმდევრულობასა და მდგრადობაში. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მომავალი თაობებისთვის ჩვენ შევქმნით უფრო სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს. დიალოგი, რომელიც მომდევნო ორი დღის განმავლობაში სესიების დროს და სესიების შემდეგ წარიმართება, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ერთიანი ხედვისა და ძალისხმევის განმტკიცებისთვის. კონფერენციის ფარგლებში, მივესალმები ახალი იდეების განხილვას.
 
ზემოთხსენებულთან დაკავშირებით, ჩემი გამოსვლის დასასრულს, მსურს მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც კონფერენციის ორგანიზებისთვის აქტიური ღონისძიებები გაატარეს. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების სამეფო ინსტიტუტს, პოლონეთის საელჩოს, როგორც ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს საქართველოში მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. ჩვენთვის პატივია გიმასპინძლოთ საქართველოში და მოუთმენლად ველოდებით თანამშრომლობას მომავალში.
საბოლოოდ, მსურს გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა მომხსენებლებისა და კონფერენციის დამსწრეთა მიმართ. მჯერა, რომ წლევანდელ კონფერენციაზე, მონაწილეები იმსჯელებენ მნიშვნელოვან საკითხებზე და შეიმუშავებენ ახალ მიდგომებს უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევად.
 
ნება მომეცით, ამით დავასრულო და სიტყვა გადავცე ჩვენს საპატიო სტუმრებს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს და ევროპაში შეერთებული შტატების არმიის მეთაურს გენერალ კრისტოფერ კავოლის, რომლებიც საქართველოს ურყევი მხარდამჭერები და ერთგული მეგობრები არიან და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს განვითარებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით.