საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-13 კონფერენციის ბოლო პანელი საქართველოს სტრატეგიულ მზადყოფნაზე საუბარს დაეთმო.
სესია ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის როუზ გოტმიოლერის ვიდეომიმართვით გაიხსნა, სადაც მან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე გააკეთა აქცენტი: „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგვიძლია პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რათა განვავითაროთ თავდაცვითი შესაძლებლობები და ეს არ არის ცოტა, რადგან საქართველო სამაგალითო პარტნიორია“.

„საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა - სიტყვებიდან ქმედებამდე“ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, გენერალმა რანდალ სიმონსმა, ნატოს თავდაცვის ინსტიტუციებისა და შესაძლებლობების განვითარების დირექტორმა მარკ დი პაოლომ და ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა. პანელს მოდერატორობა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა გაუწია.

თავდაცვის მინისტრმა საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნის მიზნებისა და პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. მან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და მათთან ბრძოლის გზებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უკიდურესად რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს თავდაცვის ამბიციურ ტრანსფორმაციას, რომელიც ტოტალური თავდაცვისა და სტრატეგიული მზადყოფნის ამოცანებს ემყარება და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, ეფექტიანი და მდგრადი თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას და საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას. „2020-2015 წლის განმავლობაში ძირითადი აქცენტი გაკეთდება ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობაზე. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს მზადყოფნას და ასევე, დადებით გავლენას მოახდენს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციასა და სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციაზე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პანელის მომხსენებლები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნის სტრატეგიული მზადყოფნა დამოკიდებულია ტოტალური თავდაცვის სისტემის განვითარებაზე, რაც სახელმწიფოს მდგრადობას, შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას უზრუნველყოფს. შეკავებისა და თავდაცვის ამოცანების წარმატებით შესასრულებლად აუცილებელია საქართველოს თავდაცვის ძალების ადეკვატური დაკომპლექტება, გაწვრთნა და აღჭურვა, ისევე როგორც, საზოგადოების, საჯარო და კერძო სექტორების მზაობა, თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის თავდაცვის საქმეში. აღნიშნული მიიღწევა ტოტალური თავდაცვის სისტემის ეროვნულ დონეზე განვითარებითა და ინსტიტუციონალიზებით, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხელშემწყობ მექანიზმს წარმოადგენს.