საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე-12 კონფერენციის პირველი დღე ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე მსჯელობით დასრულდა. მესამე პანელს - „ევროატლანტიკური საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევები - ცვალებად უსაფრთხოების გარემოსთან ადაპტირება” დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტმა (RUSI) უმასპინძლა. სესიას მოდერატორობა RUSI-ს უფროსმა მკვლევარმა იუნ ლოუსონმა გაუწია.
პანელზე მომხსენებლებს შორის იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ლიეტუვას რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი, თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს ემრე ყარაოსმანოღლუ და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორი ნიკ გური.
სესიის ყველა მომხსენებელი შეთანხმდა, რომ ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად აუცილებელია ერთიანობა და ადექვატური ადაპტაცია. მშვიდობიანმა მსოფლიომ საფრთხეებთან გასამკლავებლად საერთო მიდგომა უნდა შეიმუშაოს და მიმართოს ერთიან შეკავების ძალისხმევას დიალოგითა თუ დიპლომატიით. აღინიშნა, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა ნატოს ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა.
თურქეთიდან, ლიეტუვადან და გაერთიანებული სამეფოდან წარმოდგენილმა სპიკერებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მიმართ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერა. პანელის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს როლს რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ძალისხმევის საქმეში.