კონფერენციის მეოთხე თემატური პლატფორმა გლობალური და ევროპული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებს, არსებული საფრთხეების შეფასებასა და მათთან გამკლავების ხედვების განხილვას დაეთმობა.
ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს, 2014 წელს კი - უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ და ყირიმის ანექსიამ. ევროპის უსაფრთხოების გარემოზე, ასევე, უარყოფითად აისახა მის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგზე განვითარებული კრიზისების დინამიკა, მიგრანტების ნაკადისა და ტერორიზმის საფრთხის ინტენსიფიკაცია. პანელის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდება არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროატლანტიკური სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.
ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებისკენ მიმართულმა რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა გაააქტიურა ძალის პრიმატი საერთაშორისო ურთიერთობებში, რამაც პატარა ქვეყნების მოწყვლადობის დემონსტრირება მოახდინა. მსგავსი ტიპის მოთამაშეების შეკავების ძირითად ინსტრუმენტად დასავლეთი ეკონომიკურ ბერკეტებს განიხილავს. პანელის მონაწილეები იმსჯელებენ ეკონომიკური სანქციების ეფექტიანობასა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგებზე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივისთვის.