კონფერენციის მეორე თემატური პლატფორმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხების განხილვას დაეთმობა. პანელის მონაწილეები რეგიონის მთავარ სამხედრო-პოლიტიკურ გამოწვევებსა და ეკონომიკის და ენერგეტიკის სფეროში არსებულ პოტენციალზე გაამახვილებენ ყურადღებას.
რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიამ მოსკოვს შავი ზღვის რეგიონში სტრატეგიული ძალთა ბალანსის თავის სასარგებლოდ შეცვლის შესაძლებლობა მისცა. რეგიონის ინტენსიური მილიტარიზაცია და რუსეთის მიერ ოპერატიული წვდომის და ოპერაციის რაიონში მოქმედების თავისუფლების შეზღუდვის (ე.წ. A2/AD - Anti-Access/Area-Denial) ზონის შექმნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეკავებითი პოტენციალის დასუსტებას იწვევს, როგორ შავ ზღვაში, ასევე ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო პოზიციების გაძლიერების გარდა, რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე უარყოფითად აისახება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გამწვავება. შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, პანელის მონაწილეები ისაუბრებენ არსებულ საფრთხეებთან გამკლავების გზებზე და შავი ზღვის რეგიონისადმი ნატო-ს სტრატეგიასა და პრიორიტეტებზე.
უსაფრთხოების გამოწვევების წარმოჩენის პარალელურად, განხილული იქნება შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა და პოტენციალი ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში. გამომსვლელები ისაუბრებენ ენერგოპროექტებზე და მსხვილ ეკონომიკურ ინიციატივებზე, რომელთა რეალიზებაშიც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. პანელის მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ ახალი აქტორების (ჩინეთი, ირანი) მზარდი ჩართულობის მნიშვნელობაზეც, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების კუთხით.